თბილისის ეროვნულ პარკში, 2 ჰექტარ ფართობზე, ზოოლოგიური ცენტრი იმ გარეულ ცხოველებზე ზრუნავს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ადგილას მძიმე პირობებში, მცირე ვოლიერებსა თუ ჯაჭვზე დაბმული ცხოვრობდნენ.
ცენტრი 2010 წელს შეიქმნა, რათა უკანონო ტყვეობაში მყოფი და გადაშენების საფრთხის წინაშე არსებული ცხოველები გადაერჩინა. დღეს აქ სპეციალურად მოწყობილ ვოლიერებში კავკასიური მურა დათვები, რუხი მგლები და მელიები ბინადრობენ. მათი ნაწილი წარსულში რესტორნებში, სასტუმროებსა და ცირკებში გასართობად ჰყავდათ დატყვევებული.
ტყვეობაში გაზრდილი მტაცებლების ბუნებაში დაბრუნება, სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ზოოლოგიური ცენტრი მათ უსაფრთხო გარემოს, მოვლასა და ცხოვრების უკეთეს პირობებს სთავაზობს.
ესტუმრეთ ზოოლოგიურ ცენტრს, გაიცანით მისი ბინადრები და მოისმინეთ მათი ისტორიები. თქვენი სტუმრობა და მხარდაჭერა ცენტრს ცხოველებისთვის უკეთესი პირობების შექმნაში დაეხმარება.

